ევროპა და შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდნენ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებისთვის. არანაირი უნდობლობა არ არსებობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"ამერიკელებს და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია. ამას მუდმივად ვიმეორებ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სამშვიდობო ძალისხმევის სათავეში ევროპელები სჭირდებათ, რადგან ეს ევროპის კონტინენტზე ხდება, რადგან ჩვენ ვართ უსაფრთხოების გარანტიების მიმწოდებლები, რადგან ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ასევე შეუძლიათ სანქციების განხილვა, ჩვენ ვართ ისინი, ვის ხელშიცაა რუსების გაყინული აქტივები, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და სწორედ ამ პარტნიორობის მეშვეობით ვიქნებით ეფექტიანები. ამიტომ, არ არსებობს უნდობლობა, პირიქით, არის თანამშრომლობა უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების სამსახურში“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა უარყო გერმანული გამოცემის „შპიგელის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

"მე ყველაფერს უარვყოფ. არსებობს მშვიდობის მხარე. მშვიდობის მხარეს არიან უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები, „მსურველთა კოალიციის“ ყველა მოკავშირე. არის ერთი ქვეყანა, რომელიც ომს აწარმოებს, ფაქტობრივად, 2014 წლიდან და რომელიც აგრძელებს ამას და უარს ამბობს მშვიდობაზე. ეს არის რუსეთი. ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვჭირდებით, რათა ეს მშვიდობა იყოს მტკიცე და მდგრადი“, – განაცხადა მაკრონმა.

გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა” გაავრცელა ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც პირველ დეკემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, ფინეთის პრეზიდენტი, უკრაინის ლიდერი და სხვები. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს. როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ აშშ-მა შესაძლოა, უღალატოს უკრაინას. ელისეს სასახლეში „შპიგელს“ უთხრეს, რომ მაკრონს სიტყვა „ღალატი“ არ გამოუყენებია.