აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის 2.1 მილიარდ დოლარად მიყიდვა დაამტკიცა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და გამოცემა Politico-ს ჟურნალისტი პოლ მაკლირი ავრცელებენ.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაამტკიცოს უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიყიდვა უცხოური სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sale) პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავს Patriot Advanced Capability-3 (PAC-3) Missile Segment Enhancement (MSE) ტიპის რაკეტებსა და თანამდევ აღჭურვილობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარიგების სრული ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას ევროპელი პარტნიორები და მოკავშირეები აფინანსებენ.

რაკეტების გარდა, პაკეტში შევა PAC-3 MSE-ის საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილები. ასევე გათვალისწინებულია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საჭირო ელემენტებისა და პროგრამული მხარდაჭერის მიწოდება.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცებას. იგი მხარს დაუჭერს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა.

"ეს დამტკიცება ნიშნავს, რომ ახლა იწყება მოლაპარაკებები კონტრაქტზე, ასე რომ, რაკეტები, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მიწოდებული“, - აცხადებს მაკლირი.