აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას იანვრის დასაწყისამდე, სანამ კონგრესზე კონტროლი დემოკრატების ხელში გადავა, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის დასაწყისში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა დაკარგა. მოსალოდნელია, რომ იანვარში კონგრესის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ დემოკრატები შეეცდებიან, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და გაზარდონ სანქციური ზეწოლა მოსკოვზე.

კიევსა და ევროპის დედაქალაქებში შიშობენ, რომ მკაცრი ვადების გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, არახელსაყრელი დათმობებისკენ უბიძგონ.

"ტრამპს მოსწონს პუტინი და მას სურს, ეს ყველაფერი იანვრამდე დაასრულოს“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, უკეთესი პირობები მიიღოს.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და მისმა სიძემ ჯარედ კუშნერმა, ირანში ომით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ, აბუ-დაბიში კიევთან და მოსკოვთან მოლაპარაკებები განაახლეს. ბოლო დღეებში მათ ასევე გამართეს შეხვედრების სერია მოსკოვში, დუბლინს და ბერლინში.

ამავდროულად, რუსული მხარე სწრაფი კომპრომისისთვის მზადყოფნას არ ავლენს - რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მოითხოვს რუსეთისთვის დონბასის ტერიტორიების გადაცემას, უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვასა და უკრაინის არმიის შემცირებას.

მოსკოვი ასევე დაჟინებით მოითხოვს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების შემცირებით. კრემლში გეგმავენ, ავიადარტყმების ახალი კამპანია მოლაპარაკებებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ.

"დაე, მათ აღიარონ ჩვენი მოთხოვნის ურყეობა, რომ უკრაინა არასოდეს გაწევრიანდეს ნატოში. როდესაც ეს მოხდება, ვფიქრობ, შევძლებთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხების განხილვას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა და უარყო ნატოს მე-5 მუხლის ნიმუშით გარანტიების იდეაც კი.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ვარაუდობდნენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულების საკითხი ევროპელ ლიდერებთან მომავალ თვეში, მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე განიხილოს, თუმცა, მაღალი რანგის ფრანგმა ოფიციალურმა პირმა უკრაინისთვის მიწვევის არარსებობის გამო ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა.

უკრაინის ხელისუფლებაში ასევე შეაფასეს სამხედრო თანამგზავრული კავშირის - Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვა და Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდების შეფერხება, როგორც მოლაპარაკებების ფონზე კიევის პოზიციების შესუსტების მცდელობა. თეთრ სახლს ჟურნალისტების კითხვაზე კომენტარის თაობაზე პასუხი არ გაუცია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ვლადიმერ პუტინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის მონაწილეობით შეხვდა. სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი თითქოს მზად არის მშვიდობისთვის, მაშინ როცა ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ვაშინგტონი ჩქარობს, კრემლი კი საკუთარი ულტიმატუმების შესრულების გარეშე მოვლენების ფორსირებას არ აპირებს.