უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სასჯელი - თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ძალაში შევიდა.

გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რომელმაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უარყო და კიევის პოდოლსკის რაიონული სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

სააპელაციო სხდომის დროს გენერალური პროკურორის პროკურორებმა სრულად დაუჭირეს მხარი ბრალდების მხარეს. სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებასა და დეზერტირების წაქეზებაში. იგი დამნაშავედ ცნეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2019 წლის იანვარში უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოების ბრალდებებით დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების 13 წლით აღკვეთა.

2025 წლის აპრილში კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო დეზერტირობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების 15 წლით აღკვეთა.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე იყო.

2013 წლის ნოემბერში იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებთან სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.