დანაშაულების უარყოფამ და დაუსჯელობამ შთააგონა რუსეთი, ჩაედინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ჰააგაში, დიპლომატიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ქმედებების ერთ-ერთი მიზეზია 1940-იან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის, საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრის რუსეთის დაუსჯელობა.

"ჩვენი ისტორია გვასწავლის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დანაშაულებისთვის რეპარაციები და პასუხისმგებლობის აღება. იმ დროს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ფარგლებში, ლიეტუვისა და ბალტიის სხვა ქვეყნების საბჭოთა ოკუპაციისთვის რეპარაციები არ არსებობდა. ახლა კი პუტინი და მისი რეჟიმი ისე იქცევიან, თითქოს ეს დანაშაულები არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ბუდრისმა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის კომისიის შექმნა რუსეთისთვის იქნება გზავნილი, რომ აგრესიას პასუხისმგებლობა მოჰყვება.