ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს და არა უკრაინაზე.

კალასმა ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპა რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან უკრაინის გვერდით დგას და სწორედ ეს მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვმა დასახული მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.

"ევროპა უკრაინის გვერდით დგას მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საკუთარი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო“, - განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა, პირველ რიგში, რუსეთზე ზეწოლას უნდა ითვალისწინებდეს.

"ომის დასასრულებლად ზეწოლა რუსეთზე უნდა განვახორციელოთ და არა უკრაინაზე“, - აღნიშნა მან.

კალასის განცხადებით, ევროპას აქვს საკმარისი ძალა და გავლენა იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს.

„ევროპას აქვს ძალა და გავლენა, რომ ვითარება შეცვალოს“, - აღნიშნა მან.