უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს პაველ ხალიმონს ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

"თუ სახალხო დეპუტატი ხართ და გაქვთ რამდენიმე მილიონი გრივნა, მაშინ უნდა დაეხმაროთ თქვენს ქვეყანას. ეს თქვენი მოვალეობაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის ეთიკური კომპონენტი ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ხედვას. ამისთვის პაველ ხალიმონს გაათავისუფლებენ ჩვენი ფრაქციის უფროსის მოადგილის პოსტიდან“, - წერს არახამია.

არახამიამ ასევე მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და მისცენ ამ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება.

მისივე თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ჟურნალისტური გამოძიებით, ომის დროს ხალიმონმა იყიდა ძვირადღირებული მამული პეჩერის გორაზე, რომელიც ათეულობით მილიონი გრივნა დაჯდა და სხვა პირზე გადააფორმა.