მხოლოდ უკრაინის ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ და როდის უხელმძღვანელებს ომში მყოფ სახელმწიფოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს მოუწოდა, ახალი ლიდერი აირჩიონ.

"დადგა დრო, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკმაყოფილოა ზელენსკის პოლიტიკითა და მისი უარით რუსეთთან შეთანხმების დადებაზე.

ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ლიდერს ომის დასასრულებლად რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან ეს შანსები თითქოს არ გამოიყენა.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სათავეში უდგას ჩვენს სახელმწიფოს ომის - დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ომის დროს. მას აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან გაჟღერებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ზელენსკი კარგად ასრულებს თავის საქმეს და სწორედ ამიტომ "იმსახურებს მხარდაჭერას“.