რუს ოკუპანტებს ამჟამად შვიდი ათასამდე უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავთ, უკრაინას - ოთხი ათასი რუსი ტყვე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დროს დატყვევებული რუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, ყველა გაცვლის შემდეგ, ტყვეობაში მხოლოდ 1500 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ტყვეების გაცვლისთვის მზად არის.

5 თებერვალს უკრაინამ და რუსეთმა რამდენიმე თვის შემდეგ პირველად ტყვეები გაცვალეს. 157 მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს. გაცვლა აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების (უკრაინა, აშშ და რუსეთი) ბოლო რაუნდის დროს მიღწეული შეთანხმებების შედეგი იყო.