რუსეთი დიდ ბრიტანეთში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიწვევით აღშფოთებულია, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვს ჰკითხეს შეიძლება თუ არა ბრიტანეთმა დაკარგოს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის შანსი აღლუმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწვევის შემდეგ, რაც თითქოს, "ნაციზმის მხარდაჭერას“ წარმოადგენს. პესკოვმა უპასუხა, რომ ლონდონი არ აცხადებს, რომ შუამავალია.

"რა თქმა უნდა, ნეონაცისტური ელემენტების მიმდევრების და მათი მიწვევა, ვინც საკუთარ ქვეყანაში ნეონაცისტებს ადიდებს, გამარჯვების დღის აღნიშვნაზე, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ უპატივცემულობა, უპატივცემულობა იმ ბრიტანელების, იმ ბრიტანელი ვეტერანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს არის მკრეხელობა", - განაცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნაციზმზე გამარჯვებაში. დაახლოებით 7 მილიონი იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში, 250 ათასზე მეტი - მოკავშირეთა არმიებში. გარდა ამისა, უკრაინა სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი თეატრი იყო და სხვადასხვა წყაროების თანახმად, 5-დან 7 მილიონამდე ადამიანი დაკარგა. პირველი უკრაინული ფრონტის ჯარები მონაწილეობდნენ ბერლინის შტურმში 1945 წლის აპრილ-მაისში. ეს იყო საბჭოთა არმიის დიდი სტრატეგიული გაერთიანება, რომელიც ძირითადად ჩამოყალიბდა უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი სამხედრო ნაწილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება არ მიუთითებდა მხოლოდ უკრაინულ შემადგენლობაზე, მასში ასობით ათასი უკრაინელი მსახურობდა.

გამარჯვების დღის აღლუმი დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს, 8 მაისს გაიმართება. უკრაინელი სამხედროების გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის არმიების წარმომადგენლები თავიანთი ქვეყნების დროშებით.