პოლონელი და უკრაინელი პოლიტიკოსების შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში ჩაბმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბულობას ამწვავებს.

"პოლონელი და უკრაინელი პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩათრევა სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ორივე მხარეს დააზარალებს: ბიზნესის, გეოპოლიტიკის და რეპუტაციის თვალსაზრისით. პოლიტიკაში კი, როგორც ვიცით, შეცდომა დანაშაულზე უარესია“, - განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლელ მოკავშირეებთან კრიზისის მოსაგვარებლად და კომპრომისული გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

„ჩემს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დანაკარგები და შევამცირო დაძაბულობა. ეს ადვილი საქმე არ არის“, - განაცხადა ტუსკმა.

კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობები ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა ისტორიული დავების გამო. დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია უკრაინული მხარის გადაწყვეტილებამ, მისი ერთ-ერთ დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ საპატიო წოდება მიენიჭებინა.

ამ ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, "თეთრი არწივის" ორდენი.

ვარშავას ქმედებების საპასუხოდ, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, ოფიციალურად უარი თქვეს პოლონურ ჯილდოებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს დამამცირებელ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ ნავროცკი ორმხრივი ურთიერთობების დამანგრევლად იქცა, რისთვისაც „მოსკოვისგან აპლოდისმენტებს“ იმსახურებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ პოლონეთს "თეთრი არწივის" ორდენი დაუბრუნეს.

"თუ მიიჩნევა, რომ ეს განსაკუთრებული სიმბოლო შეიძლება დარჩეს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის, ფაშისტ დიქტატორ ბენიტო მუსოლინის და გერმანიის ყოფილ კანცლერის გერჰარდ შრედერს, მაშინ უკრაინა ამაზე არ იდავებს და ჯილდოს უკან აბრუნებს. ჩვენ მივიჩნევდით, რომ "თეთრი არწივის" ორდენი 2023 წელს უკრაინელი ხალხისთვის და ჩვენი არმიისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ეს ითქვა მაშინ. უკრაინა მადლიერია პოლონეთის ხალხის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინა არასდროს ივიწყებს სოლიდარობას და იცის, რომ ჩვენს რეგიონში სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების ერთ-ერთი ხელშესახები გარანტიაა როგორც უკრაინელებისთვის, ასევე თითოეული მეზობელი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კვლავაც ღია იქნება პოლონეთთან ურთიერთქმედების ყველა კონსტრუქციული ფორმატისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული "ჩვენი ხალხის წარსულის რთული და მტკივნეული გვერდების განსხვავებული ინტერპრეტაციები და უზრუნველყოფილი იყოს მე-20 საუკუნის ყველა უდანაშაულო მსხვერპლისადმი სათანადო პატივისცემა".

ტრადიციული საკომუნიკაციო არხების არაეფექტურობის გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საჯაროდ მოუწოდა ორივე ქვეყნის ლიდერებს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ.

უკრაინის მიმართ ნავროცკის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პოლონეთის სეიმის ყოფილმა წევრმა პიოტრ ვოგლერმა "ღირსების ჯვარი" უკან დააბრუნა.