უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრაზე ხუთი ძირითადი საკითხის განხილვას გეგმავს.

მოლაპარაკებებზე განიხილება შემდეგი პუნქტები: უკრაინა-ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები; უკრაინა-ევროპის უსაფრთხოების გარანტიები; სამხედრო განზომილება; კეთილდღეობისა და აღდგენის გეგმა (აღდგენის გეგმა მოიცავს მრავალ დოკუმენტს); თანმიმდევრული ქმედებების გეგმა.

"ანუ, ჩვენ გვინდა, ეტაპობრივად შევთავაზოთ, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა გეგმამ რეალურად იმუშაოს. ისინი (აშშ) ამ ყველაფერს რუსებთან აუცილებლად განიხილავენ და ჩვენ მივიღებთ უკუკავშირს“, - განმარტა პრეზიდენტმა.

28 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, რეზიდენციაში უმასპინძლებს.

უკრაინის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ მის გარდა, უკრაინის დელეგაციაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.

მედიის ცნობით, ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმაში არსებული ძირითადი უთანხმოებების მოგვარებას აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტმა თავად საჯაროდ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ტერიტორიის საკითხს აუცილებლად წამოჭრის. კერძოდ, მხარეები განიხილავენ როგორც დონბასს, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.