უნგრეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ორი უკრაინელი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

“სულ ახლახან ჩვენ უნგრეთის ელჩი მოვიწვიეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი მოქმედებს უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ, ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ზაკარპატიეში. კერძოდ, იკვლევდა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებსა და მათი რეაქციას რეგიონში უნგრული სამშვიდობო ძალების პოტენციურ გამოჩენის შესახებ.

თავდაპირველად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს არ მიუღია კიევისგან ოფიციალური შეტყობინება უნგრელი ჯაშუშების ქსელის შესახებ და „ანტიუნგრული პროპაგანდაზე“ ისაუბრა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან ორ უკრაინელ დიპლომატს ჯაშუშობის ბრალდებით აძევებენ.

უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინის განცხადება უნგრეთის სადაზვერვო ქსელის გამოვლენის შესახებ კიევისა და უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ თანამშრომლობაზე მიუთითებს.