გემშვიდობები დიდო მეუფევ. მშვიდად განისვენე  სამაგალითო ერისკაცო. მუდამ გვემახსოვრები გამორჩეულო და კეთილო ადამიანო, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიტროპოლიტი აბრაამი გამორჩეულად გონიერი და ღვთისნიერი კაცი იყო, რომელიც თავისი თვისებებით გამოირჩეოდა.

"მეუფე აბრაამ გარმელია გარდაიცვალა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი. 

სოხუმიდან არ ვიცნობდი, დაბადებულიც არ ვიყავი, სასწავლებლად რომ წავიდა თბილისში. ჩემს დედულეთში, რაჭაში, ნიკორწმინდელი მეუფის რანგში გავიცანი და ვეზიარე მის სიწმინდესა და ადამიანების მიმართ სიყვარულს, წესიერებასა და გასაოცარ გონიერებას. დიდად შთამბეჭდავი კაცი იყო მეუფე აბრაამი და გადასარევი იუმორიც ჰქონდა და რაღაცნაირად ძველმოდურიც იყო და ეს ერთგვარი არქაულობა ძალიან უხდებოდა, მის მიმართ მოწიწებას აათმაგებდა, თითქოს. 

სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა იმ ზაფხულის რამდენიმე კვირაში, ყოველწლიურად რაჭაში რომ ვატარებდი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროდ მივიჩნევ. ნიკორწმინდაში, ცხადია, ძალიან ხშირად დავდიოდით ბავშვები (შემდგომ უკვე თინეიჯერები) ჩემი სოფელი თლუღიდან (რომელიც რაჭის ყველაზე ლამაზი სოფელია, და არა მარტო რაჭის). ფეხით დავდიოდით, ულამაზეს 10 კილომეტრს გავდიოდით. თუმცა მანქანა თუ გამოივლიდა (რაც 90-იანების დასაწყისში დიდ იშვიათობა იყო), ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაშინ ბევრი სიარული არ გვღლიდა, თუმცა მანქანა მაინც გვერჩივნა. ახლა ვხვდები, რომ იშვიათი რომ იყო და განსაკუთრებულად გვიმართლებდა, პირველ რიგში, ეგ გვიხაროდა. ტაძრის გზაზე შემდგარები, ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ვეტყოდით ერთმანეთს ოდნავ დაბალ ხმაზე, მისტიური ელფერის მისაცემად.  ჩემი დაკვირვებით, ბავშვური გულუბრყვილობიდან ვინც არ მოდის, ზრდასრულ ასაკში დიდი სიკეთით არ გამოირჩევა. 

არც მეუფე აბრაამმა დაჰყო დიდხანს რაჭაში, და როცა ნიკორწმინდაში მსახურებდა, მაშინაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორს. ამიტომაც იყო, რომ შეხვედრები არც თუ ისე ხშირი გამოვიდა, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ ეს ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის მსგავსი მეუფე, თავადაც სახელად აბრაამი, გონებაში ჩაგბეჭდვოდა მისი სიბრძნით, სიკეთით და ოდნავი არქაულობით. არქაულობით გარეგნობაშიც, მეტყველებაშიც და გარე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაშიც. 

ისეთი მღვდლები იყვნენ მაშინ ნიკორწმინდაში, სიკეთით და უბრალოებით რომ გნუსხავდნენ და მათთან ურთიერთობას რომ არაფერი სჯობდა. თითქოს, მეუფე აბრაამის გაგრძელება იყო ყოველი მათგანი. ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც სწორედ იქ. 

მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, ნიკორწმინდა სოფლის საყდარია, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდებულს და წმინდას ხდის მას. ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი ბუნების სიდიადით და ხალხის გულისხმიერებით და უბრალოებით გარემოცულ სოფლის ეკლესიაში "ცხოვრობს". ასე მჯერა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდან და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის და მისი დიდი მეუფის, აბრაამის დამსახურებაა.
გემშვიდობები დიდო მეუფევ. მშვიდად განისვენე  სამაგალითო ერისკაცო.

მუდამ გვემახსოვრები გამორჩეულო და კეთილო ადამიანო", - წერს ნიკა გვარამია.

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. მიტროპოლიტი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.