უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას აეროდრომს დარტყმა მიაყენეს. განადგურდა ორი თვითმფრინავი, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საჰაერო ბაზა გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად აფრინდებიან MiG-31K გამანადგურებლები, რომლებიც "კინჟალის" აერობალისტური რაკეტების მატარებლები არიან.

"წინასწარი ინფორმაციით, მტრის ორი თვითმფრინავი იქნა განადგურებული (სავარაუდოდ, MiG-31 და Su-30/34 თვითმფრინავები). საბრძოლო სამუშაოების შედეგები ზუსტდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"სავასლეიკა" სამხედრო აეროდრომია რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში. სრული სახელწოდებაა სავასლეიკას ავიაბაზა. აეროდრომს იყენებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, კერძოდ, საბრძოლო ავიაციის ეკიპაჟების განსათავსებლად და წვრთნისთვის.

2022 წლიდან რუსეთი MiG-31K-ებს იყენებს "კინჟალის" რაკეტების გასაშვებად. MiG-31 თვითმფრინავები ხშირად ბაზირდებიან ან დროებით გადაადგილდებიან ჩრდილოეთ რუსეთის აეროდრომებზე (მათ შორის სავასლეიკაში), ასევე ბელარუსში.