უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაძლო გადაწყვეტის საკითხი უკრაინის მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს - არჩევნების ან რეფერენდუმის გზით.

მისი თქმით, ამერიკული მხარე დონბასის ნაწილში ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური“ ზონის, ანუ, როგორც რუსები ამბობენ, „დემილიტარიზებული“ ზონის შექმნას სთავაზობს. ამ გეგმის მიხედვით, უკრაინული ჯარები უნდა გაიყვანონ ტერიტორიის ნაწილიდან, ხოლო რუსული ჯარები იქ არ შედიან.

ამავდროულად, ზელენსკის თქმით, ბევრი კითხვა რჩება, კერძოდ: ვინ აკონტროლებს ამ ზონას, რა მონიტორინგის მექანიზმი იმუშავებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემოთავაზებული მოდელი უკრაინის ინტერესებში არ შედის, თუმცა დიალოგი გრძელდება და კიევი ეძებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია პარიტეტს და უსაფრთხოების გარანტიებზე.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი და დაფუძნებული ხალხის პოზიციაზე.

"ამ კითხვას უკრაინელმა ხალხმა უნდა უპასუხოს. არჩევნების გზით თუ რეფერენდუმის გზით, უკრაინის ხალხის პოზიცია უნდა განისაზღვროს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა ბევრი რამ უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული.

"რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეძლებენ პოზიციონირებას, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ეს გავლენას ახდენს მთელ დიპლომატიურ სტრუქტურაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამერიკული სამშვიდობო გეგმის განხილვისას უკრაინაში არჩევნების თემა კვლავ წინა პლანზე დადგა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა საპრეზიდენტო არჩევნები ომის დროსაც კი ჩაატაროს და აცხადებს, რომ უკრაინელების უმრავლესობას რუსეთთან სწრაფი შეთანხმების მიღწევა სურს.

ზელენსკი პასუხობს, რომ ის არჩევნებისთვის მზადაა, მაგრამ მათი ჩატარება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებისა და უსაფრთხოების გარანტიების შემდეგ შეიძლება.

ამასობაში, უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. მოლაპარაკებები უკრაინა-აშშ-ს და აშშ-რუსეთის დონეზე მიმდინარეობს. კიევი ასევე ევროპასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუმცა, ტერიტორიული საკითხი მოლაპარაკებებში ყველაზე რთულად რჩება. მოსკოვი მოითხოვს უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას დონბასიდან, კიევი კი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს.

როგორც Financial Times წერს, ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დონეცკის დარჩენილი დაუკავებელი ტერიტორიების რუსეთისთვის „მშვიდობის“ სანაცვლოდ გადაცემის იდეას ხელს უწყობს.

უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები აფრთხილებენ, რომ ასეთი დათმობები მხოლოდ ახალი შეტევის წინაპირობებს შექმნის, რადგან რუსეთის კონტროლი მთელ დონბასზე აღმოსავლეთში ძირითადი ქალაქების დაკავებას გაუხსნის გზას.