უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას რუსების მორიგ ტყუილს უწოდებს.

ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ თითქოს, ნოვგოროდის ოლქში პუტინის სახელმწიფო რეზიდენციას დრონებით დაარტყა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს არის მზადება მტრის ახალი დარტყმისთვის.

"რუსეთის მოლაპარაკების პოზიცია გადაიხედება კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოო გადასვლის გათვალისწინებით. პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის საპასუხო დარტყმის მიზნები და დრო განსაზღვრულია“, - განაცხადა ლავროვმა.

ზელენსკის განცხადებით, რუსები კიევში სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის საბაბს ეძებენ.

"ჩვენ ახლა რუსეთიდან ძალიან საშიში განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის ყველა მიღწევის ჩაშლას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის დასაახლოებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ რუსების განცხადებას ასევე უწოდა „ყალბი ისტორია“, რომელიც გამოიყენება უკრაინაზე, კერძოდ კიევზე შემდგომი თავდასხმების გასამართლებლად. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ რუსებს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უარი თქვან ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე.

"ტიპური რუსული ტყუილები. მათ უკვე შეუტიეს კიევს, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას. უკრაინა არ დგამს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება დაასუსტოს დიპლომატიას. რუსეთი ყოველთვის აკეთებს ამას. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალიდან, რაც ჩვენ განგვასხვავებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ გაჩუმდეს ახლა და რუსებმა არ შეაფერხონ მშვიდობისკენ სვლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.