ახლა მას სჭირდება სუსში ადამიანები, ვისაც უფრო მეტად ენდობა და ეს გადაწყვეტილებაც ასე იკითხება, -  ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ინფორმაციების მარტივად და მალე მიღების გზებია მნიშვნელოვანი.

"იოლი გამოსაცნობია, თუ რატომ მაინცდამაინც სუსი - იმიტომ, რომ ეს არის ძირითადად, ინფორმაციის მიღების ყველაზე საჭირო წყარო მისთვის. ეს არის მოსმენების სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, ყველა შიდა ინფორმაციის თუ კორუფციული სქემების და ა.შ. წყარო და  ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის, პირველ რიგში, მიმღები.

ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ კობახიძე არის შემსრულებელი ყველაფრის, რასაც დაავალებს, მაგრამ ის, რომ მას ჰქონდეს განუსაზღვრელი ნდობის მანდატი - ასე არაა. ივანიშვილი მას არ მისცემს ასეთ განუსაზღვრელ ვადას და მით უფრო ბოლო მოვლენები, მდინარაძის გათავისუფლება სუსიდან, რომელიც არ იყო მშვიდი პროცესი, როგორც არ უნდა დაფარონ ეს და გაალამაზონ, ეს იყო ძალიან მწვავე კონფლიქტის და გაბრაზების ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან. ახლა მას სჭირდება სუსში ადამიანები, ვისაც უფრო მეტად ენდობა და ეს გადაწყვეტილებაც ასე იკითხება. კობახიძეს არ ექნება დიდი ხანი ის მანდატი ნდობის, რაც ჰქონდა აქამდე გადაცემული და უკვე ხდება მის ირგვლივ იმ ადამიანების ნელ-ნელა ჩამოშორება, ვინც, თავის დროზე თავად მან შეარჩია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სუსის უფროსის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა, ის მანამდე შსს-ს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 10 ივნისიდან იკავებდა.