ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას მისი ნამდვილად გმირული ბრძოლისთვის. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ციხის რეჟიმის დამოკიდებულება, ჩვენი ჯანმრთელობისადმი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"გადაწყვეტილებებს უკიდურესად დაშინებული მედპერსონალი და ექიმები კი არა, სუს-ს მომაგრებული ОДР-ები იღებენ. სამედიცინო პერსონალს აიძულებენ, თვალი დახუჭონ პრობლემებზე და ზოგჯერ ასევე აიძულებენ, საჯაროდ მოიტყუონ. ასე მაგალითად ექიმებს უკრძალავდნენ ჩემი მოწამვლის მკურნალობას. დიაგნოზებსაც წერს სუსი. ამიტომ ამ სისტემის მშობელ დიქტატურასთან უკომპრომისო ბრძოლა არის ერთადერთი ხსნა, მათ შორის პატიმრებისთვის, ასევე ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში, ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის.

მე არ მომწონს, რომ არც ედუარდს, არც ნიკოლოზს არ შეუძლიათ მუდმივად საქართველოში ყოფნა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ. არ მომწონს, რომ შესაძლებელია მალე ალისასაც მოუწიოს გადახვეწა. მინდა, რომ ჩემს პატარა შვილიშვილს, რომელსაც ქართული სახელი და გვარი აქვს, ჰქონდეს სამშობლო, რომლითაც იამაყებს.

ამიტომ ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთთავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი არა გამარჯვების რწმენის დროა.

ჩვენი და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გავიმარჯვებთ და ივანიშვილი კი, თავისი იაფფასიანი "რაზვოდკებით" ვეღარავის მოატყუებს", - წერს სააკაშვილი.