რასაც დღეს ვხედავთ სავაჭრო ობიექტებში შევარდნის სახით, ეს არის პროპაგანდისტული კამპანია, ამ ხელისუფლების პირობებში ფასების სტაბილურობაზე ოცნება ილუზიაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

რომან გოცირიძე - ცოტას შეაშინებენ და ამით დამთავრდება ეს კამპანია

მისივე თქმით, ქსელურ სუპერმარკეტებში ფასები იზრდება და ეს ხელისუფლების ბრალია.

"რასაც დღეს ვხედავთ სავაჭრო ობიექტებში შევარდნის სახით, ეს არის პროპაგანდისტული კამპანია და ორიოდე თვეში ყველაფერი ძველ რეჟიმში დაბრუნდება. ფასების ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, კორუფცია, ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა, სახელმწიფო ტენდერებიდან ყოველწლიურად ასეულ მილიონობით ლარის მითვისება. ქსელურ სუპერმარკეტებში ფასები იმ ზომით იზრდება, როგორც იზრდება იმ ნახევარ მილიონამდე საქონელზე და მომსახურებაზე, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. როცა ასე ხდება, ეს ხელისუფლების ბრალია. განტევების ვაცების ძებნით პასუხისმგებლობას სხვებზე ვერ გადააკისრებენ. არც ისინი ბრძანდებიან მამა აბრამის ვაცები. მათი უმეტესობა  “ქართული ოცნების” ბიზნესკლანის წარმომადგენლები არიან. მათი საჩვენებელი “შემოწმება” მხოლოდ სატელევიზიო ეფექტისთვის სჭირდებათ. ცოტას შეაშინებენ და ამით დამთავრდება ეს კამპანია.

ამ ხელისუფლების პირობებში ფასების სტაბილურობაზე ოცნება ილუზიაა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.