ჩვენ მოვიპოვეთ სქემები, რომლებიც მტკიცდება ათასობით ვიდეო ფაილით და ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა ყველა დაისჯება. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა რამდენიმე სამუშაო მიმართულება, რომლის ამოცანაც იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება.

"თქვენს წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანებისა, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა და შეიყვანოს ეს ქვეყანა ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენს უკან არიან ის მებრძოლები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ წაუძღვნენ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მოტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ ჩვენ ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება და ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, რომლის ამოცანაც იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება. ზუსტად ვიცით, რომ არც ერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი შვილების საუკეთესო მომავლის გარანტი. ის, რაც მოხდა არჩევნებზე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ მოვიპოვეთ სქემები, რომლებიც მტკიცდება ათასობით ვიდეო ფაილით და ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა ყველა დაისჯება. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ, როგორ გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.