ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ის რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, არა სტიქია, არამედ ტრაგედიაა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანხა, რომელიც ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადაიხადა, გაფლანგულია.

"100%-ით განადგურებულია, როგორც მოსავალი, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და არის მოპარული და ყოველდღიურად აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული", - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, დღეს ტრადიციულად, მთავრობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო, სადაც დაზარალებულ ადამიანებს გასცემდნენ პასუხს, თუმცა არც ჩანიშნეს.

"სასწრაფოდ ვითხოვთ რეაგირებას. იმოქმედოს ხელისუფლებამ და ანაზღაურებული იქნეს ის ზიანი, რომელიც ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა", - აცხადებს ბოტკოველი.

გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად კახეთის სამი მუნიციპალიტეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლები დასეტყვილი, მოსავალი კი განადგურებულია.