მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ძლიერი მეგობრობისა და თანამშრომლობის დასტური.

"მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო კოლეგავ, მივესალმები აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, თბილისის მერს, პარლამენტის წევრებს, ჩვენს ელჩს, პატივცემულ სტუმრებს − ყველას მოგესალმებით. დღეს სასიხარულო დღეა, ვინაიდან მაქვს პატივი, მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ, ყველას, გვიხარია, რომ თეატრის ახალ თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი მეგობრობის, ღრმა კავშირების, ძლიერი თანამშრომლობის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილჰამ ალიევი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს − ალი ასადოვს. მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ − იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნისა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს − ყველას − და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა.

"პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თბილისის მერო, პატივცემულო ელჩებო, პატივცემულო დეპუტატებო, ქალბატონებო და ბატონებო, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ, მშვიდობიან და ურთიერთგაგების პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის სწორედ ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები. როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში ისტორიულად ჩვენი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, ენას, რელიგიას, ხელოვნებას, ლიტერატურას დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებულად უყვართ. აზერბაიჯანის რამდენიმე სახელგანთქმული მოღვაწე, დიდი პიროვნებები საქართველოში მოღვაწეობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე აქ იმყოფებოდნენ.

ასევე საქართველოს არაერთი კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აზერბაიჯანში საქმიანობდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ყველაფრის ისტორიულ დასტურად ჯერ კიდევ 1872 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის საქმიანობის დაწყებას აღვნიშნავდით. თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა.

დღეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა. ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ.

ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ რამდენიმე ნიუანსი. ჰეიდარ ალიევს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დროს მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ორივე ხელმძღვანელობის პერიოდში ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მიუდგებოდა.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჰეიდარ ალიევს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ლიდერობის მეშვეობით ქვეყანათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა დანარჩენ სფეროში ურთიერთობათა განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ორივე ლიდერის პოლიტიკური კარიერა გამოირჩეოდა უნიკალურობით და ცნობილია მსგავსი ისტორიული პროცესებით. ასე რომ, მათ მეორედ ხალხის მოთხოვნით უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაურად გააგრძელეს პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მეთაურობის დროს, სხვა სფეროების პარალელურად, ისინი თავიანთი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, ენას, რელიგიას, კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევი ქართული ხელოვნების, კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო.

ქალბატონებო და ბატონებო, ახლა პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მდიდარ ისტორიულ ტრადიციას აგრძელებენ და  დემოკრატიული გზით ავითარებენ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანათა ეროვნულ ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს.  ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ თეატრი კულტურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ღირსეული საჩუქარი იქნება, ამასთან ერთად ქალაქ თბილისს, სადაც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალური ჰარმონიაა,  უფრო გაალამაზებს. საქართველოს დედაქალაქის კულტურულ კერად გადაიქცევა.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ კულტურის კერის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია სწორედ მიმდინარე წელს − აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის დაბადების 100 წლის იუბილეს − ემთხვევა. ჰეიდარ ალიევის შესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საერთო ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამო ჩემი და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო.

მინდა ერთი ნიუანსიც აღვნიშნო, აზერბაიჯანში, როგორც ყოველთვის, საქართველოს დიდებული პიროვნებები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ.

ასე რომ, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში - განჯაში − ცნობილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა შეიქმნა, იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ამასთან ერთად აზერბაიჯანის კახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ მოვლენას! მადლობა საქართველოს მთავრობას! პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

პრემიერ-მინისტრებმა შენობა დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სოკარ ენერჯი ჯორგიას“ გენერალური დირექტორისგან - მაჰირ მამმედოვისგან მიიღეს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, ხოლო  შემდეგ უკვე 2004 წელს საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა.

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანული კაპიტალის კომპანიას „Confidence Group”-ს ეკუთვნის. ნაკვეთის  ფართობი არის 2565 მ2.

ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წევრი ზურაბ პატარაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა წევრები ესწრებოდნენ.