განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საქმეში ჩართული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეც იყო.

როგორც გიორგი ჩიკვაიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ირაკლი შაიშმელაშვილს საზღვრის გადაკვეთაში დახმარებოდა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს, მისივე თქმით, პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

"გიორგი ბაჩიაშვილს არ ვიცნობდი იმ პერიოდში. კაცურად, განსხვავებით სხვა ბიზნესმენებისგან, ეს ამბავი რომ დაიწყო, გააკეთა საჯარო განცხადება და მხარი დამიჭირა, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, მომენტალურად ამოიცნო ის ხელწერა ივანიშვილის, რომლითაც მას მიუდგნენ. ეს იყო ჩემთვის მისასალმებელი. ამის შემდეგ ამ ადამიანს ორჯერ დაველაპარაკე, ვუთხარი მადლობა და შემდეგ აქციაზე თუ შევხვდებოდი კარგი გამარჯობით.

რაც შეეხება შაიშმელაშვილის ამბავს, ამაში ნამდვილად ვიყავი ჩართული და ვიყენებდი ყველა რესურსს და სანაცნობო ხაზს, რამაც წარმატებით დაასრულა მისი ქვეყნიდან გასვლის პროცესი. რაც შეეხება დიპლომატებთან ურთიერთობას, მთელი ჩემი ცხოვრება მჭიდრო კავშირი მქონდა ევროპელებთან, ამერიკელებთან", - განაცხადა ჩიკვაიძემ.