პოლონეთის ქალაქ გდანსკში მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის ერთობლივმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საღამოზე ასევე, იტალიიდან სპეციალური მოწვევით მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი იმყოფებოდა.

მსოფლიო კლასიკური შედევრებთან ერთად კონცერტის დასკვნითი ნაწილი კინომუსიკას დაეთმო, სადაც არაერთი ცნობილი თემა აჟღერდა ახლებური ინტერპრეტაციით.

პოლონელი მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა კონცერტის მესამე განყოფილებაში, ქართული ნაწარმოებების შესრულებამ, მათ შორის იყო ვაჟა აზარაშვილის, ნიკა ნიკვაშვილის "ხორუმი“ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე მარია“.

მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მუსიკოსებს რამდენჯერმე მოუწიათ ბისზე შესრულება.

"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ბალტიკა ფილარმონიის მაღალპროფესიონალ ორკესტრთან ერთად, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ჩვენდა საამაყოდ ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძეა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური პროექტი ასახავს დროში მოგზაურობას, რომლის პროგრამაში არჩეული ყველა მუსიკალური ნაწარმოები ჩემს მიერ არის ინტერპრეტირებული და ასევე ახლიდან გაორკესტრებული. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღფრთოვანებით მიიღო უცხოელმა მსმენელმა ქართული ნაწარმოებები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო ჩვენი სახელგანთქმული, უდიდესი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, რომლის შესრულებაც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. მუსიკოსისთვის იმაზე დიდი პატივი, რომ წარმოადგინოს თავისი ქვეყნის კულტურა საზღვარგარეთ, არ არსებობს", - განაცხადა ნიკა ნიკვაშვილმა კონცერტის შემდეგ.

მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და გდანსკის ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის კოლაბორაცია პირველად 2019 წელს შედგა. კონცერტმა ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა, რაც მომავალი კონცერტის დაგეგმვისა და პოლონეთის პუბლიკის მსგავსი მოლოდინის საფუძველი გახდა.