სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი და მოდით, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც "შემიკერეთ", - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების ლიდერი” ალეკო ელისაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისი თქმით, ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში.

“დღეს ჩემი მორიგი სასამართლოა და აქვე მივმართავ თხოვნით პროკურატურას - მოგეხსენებათ მალე მოვა ზაფხული და დაცხება. სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი. მერე რომ არც თქვენ იწვალოთ და არც მე, თაკარა მზეში დაკითხვებზე და სასამართლოზე რომ არ მატაროთ, მოდით, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც “შემიკერეთ”, სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში!”, - წერს ალეკო ელისაშვილი.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.