მე სურვილი მაქვს, რომ მეუფე აბრაამი დასახელდეს და მეუფე აბრაამი გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემებიდან გამოსვლა მეუფე აბრაამს შეუძლია.

"მე სურვილი მაქვს, რომ მეუფე აბრაამი დასახელდეს და მეუფე აბრაამი გახდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იმიტომ, რომ მე ვიცნობ საქართველოს ეკლესიას, მე ვიცნობ ბევრ მღვდელმთავარს, მე ვიცნობ მეუფე აბრაამს და მე ვიცი, რომ დღეს რა პრობლემებიც არის ეკლესიაში, ამისგან ეკლესიის გამოყვანა შეუძლია მეუფე აბრაამს, სხვებსაც, ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ვისაც ეს შეუძლია, არის მეუფე აბრაამი - გამოცდილებაც აქვს, ცოდნაც აქვს და ამავდროულად ხასიათიც აქვს ისეთი, რომ ის არ არის მერყევი ადამიანი, საკმაოდ მტკიცეა და ამავდროულად ქვეყნის, ერის და ეკლესიის მოყვარულია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ღმერთი გადმოგვხედავს და ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. 

ჩემს აზრს ვიტყვი -  მეუფე აბრაამი არის მართლმადიდებელი, მართლმადიდებლობა ნიშნავს  სიმართლის მსახურებას და პროევროპელობა თანამედროვე ტერმინია, მაგრამ თუ ამ პროევროპულობაში, რაიმე არამართლმადიდებლურია, ის ამას არ დაეთანხმება, ამიტომ, ის არ არის კონფლიქტური არც ევროპასთან, არც რუსეთთან, მაგრამ რაც კარგია, იმას იღებს და რაც არ არის კარგი - იმას არასდროს არ დაეთანხმება და არასდროს არ მიიღებს და ასეთი პატრიარქი გვჭირდება, ასეთი გვყავდა და ასეთი გვჭირდება ჩვენ დღეს. 

თუ არ იქნა გარე ჩარევა მთავრობისგან და რუსეთისგან, მე ვფიქრობ, იქნება კამათი და ეს კამათი მისაღებია და საკმაოდ მშვიდად და გონივრულად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, მთავრობაც უნდა დაემორჩილოს იმ განგებულებას და გადაწყვეტილებას, რასაც სინოდი მიიღებს და არ უნდა ჩაერიოს, თუმცა, მცდელობა უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, ან მაქსიმუმ, ორ თვეში აირჩევს.