ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე, ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!", - წერს მარგუს ცაჰკანა.

მანამდე განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც გაავრცელა და განაცხადა, რომ "შეხვედრაზე არ დათანხმებულან, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები".

შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.

"ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით. არ ვიცი მან [პაპუაშვილმა] რა თქვა. ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ "ქართული ოცნება" მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი უპირველესად ეს ბალტიისპირეთია", - განაცხადა ბრაჟემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა - "შეხვედრაზე შევთანხმდით, სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი".