ჩემთვის გაცილებით სასიამოვნო იყო ხალხთან დგომა და იმ ტკივილის გაზიარება, მაგრამ სახელმწიფოს სხვა რამ სჭირდება და ეს არ იყო, -  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში პრობლემა არის რამდენიმე ათეული ადამიანი.

"ჩემთვის გაცილებით სასიამოვნო იყო ხალხთან დგომა და იმ ტკივილის გაზიარება, მაგრამ სახელმწიფოს სხვა რამ სჭირდება და ეს არ იყო. გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ მხარეს ერთიანი საქართველო და მეორე მხარეს - რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც სურდა, რომ გუშინდელი დღეც მიეტაცებინა. სწორედ ეს რამდენიმე ათეული ადამიანია დღეს საქართველოში პრობლემა იმიტომ, რომ ისინი ჩვენ ხელოვნურად გვათითოკაცებენ, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. შიდა მტრობის წამხალისებლებს არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენი ერთმანეთთან წაკიდების.

დღეს საქართველოში პრობლემა არის რამდენიმე ათეული ადამიანი და ეს სურათი დავინახეთ ჩვენ. ეს ადამიანები ამ ქვეყანას ნორმალური განვითარების შესაძლებლობას ართმევენ. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ჩვენსა და მათ შორის განსხვავება ეს არის. ჩვენ გვინდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ხალხზე მზრუნველი ადამიანები ხელისუფლებაში და არა ხალხისგან ჩამოშორებული და მხოლოდ თავის ინტერესებში ჩაციკლული ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას არაფრად აგდებენ, აბუჩად იგდებენ, თითქოს მათ შეუძლიათ, ყველაფერი გაუვიდეთ და ეს ასე არ არის. ქართველი არის ამაყი და უდიდესი ტრადიციების მქონე ერი, ეს დღეებიც სწორედ ამის მაჩვენებელია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.