ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს.

"ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს.

მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს ან დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი, საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ის ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.