დედაქალაქის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის 2026 წლის  ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თბილისის მერი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა.

დედაქალაქის მერმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა და აღნიშნა, რომ  მიმდინარე წელსაც ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო - კერძოდ, რეაბილიტირდა  931  ქუჩა და გამზირი.

„ვიდრე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე გადავალთ, შევეცდები, ძალიან მოკლედ შევეხო იმ უზარმაზარ და მასშტაბურ სამუშაოს, რომელიც 2025 წელს გასწია მუნიციპალიტეტმა. ჩვენ ვართ ვალდებული, ჩავაყენოთ თბილისელები საქმის კურსში, რაში დაიხარჯა 2025 წლის ბიუჯეტი.

კერძოდ, 2025 წელს დედაქალაქში განხორციელებული საგზაო სამუშაოების გზების ფართობი  1,083,774 მ2 მეტრს შეადგენს.  თბილისში რეაბილიტირდა  931  ქუჩა და გამზირი. 17 მილიონამდე ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (53 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, კი მიმდინარე წელს დაიხარჯა 34,8 მილიონი ლარი.

თბილისის რაიონულმა გამგეობებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 2 000-ზე მეტი პროექტი დააფინანსეს, რაზეც 57 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა.

2025 წელს თბილისის მერიამ 65 ჰა ფართობზე განახორციელა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 750-მდე პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი თქმით, დედაქალაქში დამატებით შემოვიდა  200 ერთეული ახალი ავტობუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის 60 ახალი მოსაცდელი სხვადასხვა მისამართებზე მოეწყო.

თბილისის მერის ინფორმაციით, 2025 წელს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაგრძელდა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება. როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების, დასვენების, გართობისა და სარეკრეაციო ღონისძიებების მიმართულებით განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი.

„ამასთან, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ქალაქის მასშტაბით 2025 წელს მოეწყო არაერთი გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალები, კონფერენციები. 2025 წელს ამოქმედდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა.

მიმდინარე წელს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 190  საბავშვო ბაგა-ბაღის  მეშვეობით, მოემსახურა 60 000-მდე აღსაზრდელს. აშენდა და გაიხსნა ორი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. ასევე, რაიონულმა გამგეობებმა 2025 წელს თბილისის 100-მდე სკოლაში განახორციელეს ჯამურად  22 მლნ-მდე ლარის ღირებულების სამუშაოები.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, უწყებამ ხელშეკრულებები გააფორმა 45 ერთეული სპეცტექნიკის შეძენის თაობაზე. აქედან 9 ერთეული უკვე შემოსულია, მიმდინარე წლის ბოლომდე 22 ერთეული სპეცმანქანა შემოვა, 14 ერთეული კი 2026 წლის პირველ ნახევარში მოგვეწოდება. საერთო ღირებულება დაახლოებით, 17 მილიონი ლარია.

რეაბილიტირებულ გზებზე, საერთო ჯამში, 54 ერთეული თანამედროვე ტიპის მიწისქვეშა ურნა დამონტაჟდა. თბილისის მასშტაბით, სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია 239 მისამართზე განხორციელდა.

დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მონიშვნები 500-ზე მეტ ლოკაციაზე, დაახლოებით, 65 000 კვ.მ ფართობზე დაიხაზა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის განმავლობაში 1 625-ზე მეტი სამშენებლო  სამართალდარღვევის საქმე  შეისწავლა და შესაბამისი  გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, 19 მესაკუთრესთან განხორციელდა 18 მიწის ნაკვეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღება (ადგილმონაცვლეობა და  გამოსყიდვა).

უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, მუნიციპალური საბინაო  ფონდიდან,  გამოყოფილი იქნა  190 ბინა. ასევე, მიმდინარე  წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 99 ოჯახს. ჯამში, 2017 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 3 121 ოჯახს და დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 37 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 30 პროგრამა განახორციელა - ჯანდაცვის მიმართულებით 9, ხოლო სოციალური მიმართულებით 21 პროგრამა, რითაც ნახევარ მილიონამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

"ჩვენს მიერ გაცემული მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დასრულების ეტაპზეა  და/ან  2026 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა 20-მდე დაუმთავრებელი მშენებლობა.

ხოლო თბილისის განვითარების ფონდმა, მიმდინარე წელს ისტორიულ არეალებში არსებული ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით განკარგა  34, 248,077 მლნ. ლარი.

წარმატებით ხორციელდება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლების ჩანაცვლების პროგრამა. 5 მისამართზე მიმდინარეობს სამუშაოები. საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცა  36 ოჯახს. პროექტირება მზადდება 16 მისამართზე.

2025 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისა და მონიტორინგის მიმართულებით არაერთი ქმედითი პროექტი განახორციელა: 11 000-მდე მიუსაფარ და პატრონიან ცხოველს ჩაუტარდა პირველადი და განმეორებითი ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია. რეკორდული რაოდენობის (10 200-მდე) ცხოველი გასტერილდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა, როგორც თბილისის მერიის მთლიან გუნდს, ასევე დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერისთვის.

„ეს არის მხოლოდ ზოგადი მონაცემი 2025 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ციფრების მიღმა იგულისხმება ათი ათასობით თბილისელის გაუმჯობესებული პირობები და მიღებული სარგებელი. იგულისხმება გამწვანებული და გალამაზებული თბილისი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ბაგა-ბაღები, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ქუჩები და გამზირები და ასე შემდეგ.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის, გვერდით დგომისთვის, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციისთვის და მათი პრობლემების ჩვენთან მოტანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტიპის კომუნიკაცია მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რა პროექტებს ვახორციელებთ, ჩვენ კი ვიცოდეთ რა გამოწვევები და პრობლემები დგას თბილისელების წინაშე.

მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის დიდ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს კეთილსინდისიერი შრომისთვის! ჩვენ მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად ვემსახუროთ ქალაქს, თბილისელებს. ამბიციური გეგმები გვაქვს და მომავალი წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ღირსეულად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.