დიდუბის რაიონის გამგეობამ 2025 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. გაწეული საქმიანობის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა ისაუბრა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო. 

დიდუბესა და დიღმის მასივში განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის წარდგენისას, აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, სულ 26 926 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ხოლო სანიაღვრე სისტემა 15 მისამართზე მოეწყო.

გამგეობამ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა 28 მოსასვენებელ სივრცეს, ხოლო დაზიანებული ინვენტარი 128 სკვერში შეცვალა.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, რაც გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სრულად განახლდა 19 სპორტული მოედანი.

დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ, 60-მდე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე,  მულტიფუნქციური სპორტული მოედანი გაკეთდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი და მოწესრიგდა მოსასვენებელი სივრცეები.

საერთო ჯამში, წელს, დიდუბის რაიონში 103 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა გამწვანების მიმართულებითაც - დაირგო 1 581 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 22 078 მოქალაქის განაცხადი დაკმაყოფილდა, მათ შორის 2 689 მოქალაქეს ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები დაუფინანსდა. 

მნიშვნელოვანი სამუშაოები, ასევე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ შესრულდა, სულ 166 პროექტი, მათ შორის, 41 მისამართზე შეიცვალა სახურავი და წყალსაწრეტი მილები, 46 ლიფტი სრულად რეაბილიტირდა და მიწისქვეშა კომუნიკაციები 36 კორპუსში მოწესრიგდა.

დელეგირებული უფლებამოსილებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა 7 საჯარო სკოლაში.

რაც შეეხება რაიონში კულტურული და სპორტული მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობას, გამგეობამ წელს 6 ღონისძიება გამართა.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 639 213 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივისა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატები შოთა ქევხიშვილი და გივი ჩხარტიშვილი, ისნისა და ნაძალადევის რაიონის გამგებლები აკაკი ხლაბუსტოვი და ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.