ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, - ამის შესახებ ქალი პოლიტიკოსების განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, ელენე ხოშტარიას არ უწევენ შესაბამის მკურნალობას, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.

“დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის თავისუფლების 1 წლით და 6 თვით აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.