ეს იქნება არჩევნები ქართველი ხალხისთვის, რომ დარჩნენ ისტორიის სწორ მხარეს ან დარჩნენ იმ მხარეს, სადაც უარესდება სიტუაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

"მე მაქვს ქართველი ხალხის იმედი. ვერავინ იქნება უფრო ქართველი ვიდრე თავად ქართველები. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა წამოვიდეს თვითონ საქართველოდან, როცა ქართველები მისცემენ ხმას საკუთარ მომავალს მოახლოებულ არჩევნებზე. მანიპულაციის მიღმა არის ცალსახად რუსეთი. ყველას ესმის, რომ ევროკავშირი, ქართველები და საქართველოს არჩევნები უკავშირდება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და სირთულეებს და არა ევროკავშირს.

ძალიან რთული იქნება ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, თუ ევროკომისიაში ისეთი პოლიტიკოსის პოვნა, რომელიც ამასთან დაკავშირებით შეიცვლის პოზიციას. ამიტომ ყველაფერია ქართველი ხალხის ხელში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რადგან ჩვენი ინტერესი ევროპარლამენტში არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიებს, არა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, ერთ ან ორ კონკრეტულ სახელს, არამედ დემოკრატიებს.

ჩვენი ინტერესი არის დემოკრატიის განვითარება ევროპულ კონტინენტზე და არა ავტოკრატიის ან დიქტატურის ან ბრუტალური აგრესიული დიქტატურის, რასაც ვხედავთ რუსეთსა და ბელარუსში. ეს იქნება არჩევნები ქართველი ხალხისთვის, რომ დარჩნენ ისტორიის სწორ მხარეს ან დარჩნენ იმ მხარეს, სადაც უარესდება სიტუაცია", - განაცხადა იუკნევიჩიენემ "ფორმულას" ეთერში.