ევროპარლამენტმა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ, 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში მიიღო. 

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის გამო, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2024 წლიდან დე ფაქტო შეჩერებულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები.

დოკუმენტი ასევე ითხოვს სანქციებს "ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის შემთხვევაში, პარლამენტი წევრ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშში აღნიშნულია აქციების პერიოდი და მასთან დაკავშირებული პროცესებიც. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც მთავრობამ ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ევროპარლამენტი გმობს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ ძალადობას და მიუთითებს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენებაზე, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა მიმართ მოპყრობამ ზოგ შემთხვევაში წამების ზღვარს მიაღწია.