„ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა - 2017 წლიდან სწორედ ამ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, სადაც დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის.

"ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული. თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა მერმა.

მისივე განმარტებით, მულტიმოდალური პრინციპი ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩა უნდა ემსახურებოდეს ყველას — ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ავტომობილის მძღოლს, ველოსიპედისტს და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებს.

"ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა. გვახსოვს ალბათ, წლების წინ ტროტუარებზე ფეხით გავლა იყო შეუძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იყო ამის კარგი მაგალითი. ტროტუარები გადავსებული იყო ავტომობილებით, დედა შვილს ეტლით ვერ გაასეირნებდა. 2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის.