სრული სიცრუეა, რომ 15 იანვარს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები“, მსგავსი არაფერი წამოჭრილა, გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფიშერი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია.

"15 იანვარს საქართველოს ახალგაზრდების კავშირის წევრებს შევხვდი გერმანიის საელჩოში და ფოტო დავდე "იქსზე“. დღეს „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა „საიდუმლო“ იყო, წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები“. ეს სრული სიცრუეა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი არაფერი წამოჭრილა. გერმანიის სახელით ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმასა და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ეს დემოკრატიის არსია. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“, – წერს ფიშერი.

ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს აქციების მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. კერძოდ, „იმედის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის თემა იყოს აქციების დაფინანსება, შემდგომი სტრატეგია, მათ შორის საუბარი იყო ირანულ სცენარზეც. აღნიშნული პირები გერმანიის ელჩთან შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.