ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის ელენე ხოშტარიას მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ დახმარების გაწევაზე.

"ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე. 

ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აგრეთვე, რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენე ხოშტარიას, აგრეთვე სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ადამიანების შემთხვევაში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას აღენიშნება - სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.