„თავისუფალი ხალხის პარტიის" [გირჩი] წევრი სანდრო რაქვიაშვილი "TV პირველს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, აუდიენცია მათივე თხოვნით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ შედგა.

სანდრო რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს, ივანიშვილს ფორმალურად, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სტატუსი ჰქონდა და არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო დაკავებული.

"რაღაცნაირად გავიცანით ერთმანეთი" - ამბობს "თავისუფალი ხალხის პარტიის" წევრი და იქვე დასძენს, რომ "ამ შეხვედრიდან პოლიტიკურად არაფერი წამოუღიათ".

"[შევხვდით მაშინ, როცა] ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ იყო ციხეში. დიდი ხნის წინ იყო, გუშინ არ ყოფილა [შეხვედრა] - 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ვთხოვეთ ბევრჯერ [შეხვედრა ივანიშვილს]"- აღნიშნავს რაქვიაშვილი, თუმცა არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, არ ასახელებს აუდიენციის დეტალებს, არც შეხვედრის ადგილს და საუბრის შინაარსს. 

რაქვიაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილისგან აინტერესებდათ, "მართლა მოსყიდული ჰყავს თუ არა ოპოზიცია".