ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები. საფრთხეების გამო არბრძოლა არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, მაგრამ კონსულტაციებში ჩაერთვება.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო მათ. რამხელა მხნეობა აქვთ, ეს დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა. 

არც ერთ პარტიულ "ლიდერშიპს" არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. შვიდი თვე ობობას ველაპარაკებოდი. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი, ზუსტად რა და როგორ ხდება. ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები. საფრთხეების გამო არბრძოლა არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არა ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა.