ევროკავშირის წევრობისთვის, ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, სულ უფრო მეტად უნდა დაემსგავსოს ჩვენს გაერთიანებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს.

|სამწუხაროდ, ის, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, გულდასაწყვეტია და პირადად მე დიდ სევდას მგვრის. თუმცა ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგია. სამწუხაროდ, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება გაფართოების პროცესს, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მე კი მორიგ პრესკონფერენციას გავმართავ. ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელი ევროკომისარი. ვნახოთ, როგორი იქნება მათი გზავნილი. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის, სამწუხაროდ, დამანგრეველი აღმოჩნდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, იმ საკითხებში, რომლებსაც „ფუნდამენტურ პრინციპებს“ ვუწოდებთ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ასე რომ, ვნახოთ, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება სამ კვირაში. რა თქმა უნდა, ამას სიამოვნებით გაგიზიარებთ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. თქვენ უკვე მოწვეული ხართ, სავარაუდოდ, ღონისძიება 28 ოქტომბერს გაიმართება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უპრეცედენტო თავდასხმებია ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტსა და ინსტიტუციურ ლიდერებზე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს. შეგახსენებთ, რომ საბჭოს პირველი დასკვნები, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებდა, 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა. უკვე ორ-ნახევარი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს სამოქმედო კურსი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მართლა არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. მაშასადამე, 2024 წლის ივნისში მიღებულ იქნა საბჭოს მკაფიო დასკვნები, რომლებსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაეთანხმა და სადაც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. ოქტომბერსა და დეკემბერშიც იყო შესაბამისი განცხადებები; გაფართოების საკითხზე საბჭოს თავმჯდომარეობის უახლესი დასკვნები გასული წლის დეკემბრით თარიღდება (კერძოდ, 138-ე პუნქტი). შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ იმას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია. პირიქით, როგორც სულ ახლახან, ბოლო დღეებშიც წავიკითხე, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტსა და ინსტიტუციურ ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, თუმცა ასეთია დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, საქართველო უნდა ელოდოს თუ არა სანქციებს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: "კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. რაც შეეხება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, აქ სტანდარტები ძალიან მაღალია. გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ერთსულოვნად მიიღება. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. საქართველოში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული სანქციების საკითხი, უკვე ორი წელია, განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს".