საქართველოს  ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ევროკავშირი მზადაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმუშაოს.

"2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი სამწუხაროდ, საქართველოს  ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია.

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, ტრადიციების და კულტურის პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად! თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ჩვენ ვართ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო წინ", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.