მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა, თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მშვიდობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ერთგულია.

"დღეს ჩვენ ევროპის დღეს და "შუმანის დეკლარაციის" 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპის პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის სიძლიერე არის ნათელი დადასტურება იმისა,  თუ რისი მოტანა შეუძლია ქვეყნებისთვის მშვიდობიან თანამშრომლობას. ევროკავშირი მშვიდობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ერთგულია ჩვენს საზღვრებში და მთელ მსოფლიოში. 

მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა, თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას.

დღეს გადაწყვეტილებებზე მუშაობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა. ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დამყარებული, ვიცავთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებს ემყარება და არა ძალადობას. ამიტომაც, ევროკავშირი გვერდში უდგას უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ ხანგრძლივ მშვიდობას სიძლიერის პოზიციიდან მიაღწიოს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.