ივანიშვილის მთავარი საყრდენი ომის შიშია და სანამ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები საერთო გზავნილით და ერთიანი ძალებით ამ შიშს არ დავამარცხებთ, ვერც ივანიშვილს დავამარცხებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს.

"დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვიდა მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც ევროპის რუსეთზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, განსაკუთრებით მოლდოვას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

მან თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა: "მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი უშიშრად იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფეფებისთვის, ასევე, იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი თავად განკარგონ, ვწუხვარ, რომ საქართველო რუსეთმა მაინც თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის ინსტრუმენტალიზებით, ხალხის იმაში დარწმუნებით, რომ კონკრეტული საარჩევნო გადაწყვეტილება მშვიდობის ფასი დაუჯდებათ". 

ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი: ის, რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებას და მისი რეჟიმის პირობებში, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დარჩება და სინამდვილეში ისიც, რომ ივანიშვილის მთავარი საყრდენი ომის შიშია და სანამ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები საერთო გზავნილით და ერთიანი ძალებით ამ შიშს არ დავამარცხებთ, ვერც ივანიშვილს დავამარცხებთ", - წერს ბოკუჩავა.