"ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის ლიდერების პოსტების მხარდასაჭერად არაავთენტური გვერდები შეიქმნა.

კახა კალაძემ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაავთენტური გვერდების გამოყენება არ სჭირდება, რადგან მათ საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვთ.

„მარტივ შეკითხვას ვსვამ: ვისგან ფინანსდება „სამართლიანი არჩევნები“? ვნახოთ, საიდან იღებს დაფინანსებას და თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება ძალიან მარტივად. ჯერ „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?  აგერ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები კონკრეტულ ქალაქებში. აი, ეს არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. იცით, რა არის პრობლემა? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ. ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი, რომ რაც უფრო მალე დაანახებთ რეალობას, უფრო კარგი იქნება თქვენთვის. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი, შეფასება გააკეთო და სწორი დასკვნები გამოიტანო შენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.