უკრაინა მზადაა ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩაატაროს, თუ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად სურს არჩევნები, უთხარით პუტინს: მოგვეცით სრული ცეცხლის შეწყვეტის ორი თვე და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით მივიღოთ ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ჩვენი ხალხი, უკრაინელი ხალხი გააკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა უკრაინელ ხალხს ახალი ლიდერის არჩევისკენ.

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ზელენსკიმ ტრამპს შეახსენა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარება ძალიან რთულია, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება, თუ პუტინი მის მოთხოვნებს შეასრულებს.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომენტარს, რომ ის "ძალიან შორს წავიდა“ და თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ეს ადამიანები (ტრამპი და მასკი) ვერ პოულობენ პუტინის შეჩერების გასაღებს. იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო ადვილია ფასებზე საუბარი და მისი უკრაინასთან დაკავშირება. როდესაც მსოფლიოში ყველა ხვდება, რომ ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთში ომის გამო, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო, ამ მიზეზების გამო. ყველას ესმის ეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, სწორედ უკრაინის საზოგადოებასა და ხალხზეა დამოკიდებული, თუ რომელ ლიდერს აირჩევს.