თბილისის მერი კახა კალაძე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო გავრცელებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ სააგენტო საქმიანობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სრულიად ღიად მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის  სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი ქმედება შეფასდება.

"რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თავშესაფრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლის წესებზეც გაამახვილა ყურადღება.

"იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.