გასაკეთებელია ერთობის კონტურების გამოყოფა, ამაში ვგულისხმობ ყველას ერთობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს ხელისუფლების ჩამოსაშლელად.

"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის უმრავლესობა, ის არის უმცირესობაში და 2024 წელს გაყალბებულ არჩევნებზე ჩვენ, ოპოზიციამ გაცილებით მეტი ხმა ავიღეთ, ეს ხმები და ამ გაბრაზებული ადამიანების მოტივაცია და შინაგანი ხმა არსად წასულა. 

არსად, არცერთ ქვეყანაში ასეთი ხანგრძლივობის პროტესტი არ ყოფილა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მომხრეების დინამიკას, თუ დავაკვირდებით, მათი პროპაგანდისტული ხაზი შერყეულია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე მეტად თავის მომხრეებს არ თვლის ადამიანებად და რა სალაფავსაც უნდა, იმას გამოუდგამს. 
  
რაც შეეხება პარტიების აკრძალვას და ამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას, მე ვფიქრობ, ნებისმიერი შიდა მექანიზმი უნდა ამოიწუროს იმისთვის, რომ მერე სტრასბურგში გაგრძელდეს დავა. ყველანაირი საინფორმაციო ველის შევსებაა აუცილებელი, მათ შორის, ეს დავაც საჭიროა, თორემ საქართველოში სასამართლოს რომ არავინ ენდობა, ვიცით. გასაკეთებელი კი არის - ერთობის კონტურების გამოყოფა, ამაში ვგულისხმობ ყველას ერთობას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.