დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა და გაეცით მოსახლეობას პასუხი - თქვენ თუ შეძლებთ 600-700 ლარზე ოჯახის რჩენას. ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობას პასუხს, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილმა მოსახლეობის ფინანსურ პრობლემებზე საუბრისას ფასებისა და სამუშაო ადგილების  სტატისტიკური მაჩვენებელი წარადგინა.

"ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობას პასუხს. მე მოვიტანე თქვენივე სტატისტიკა - 2020 წელს მილიონ 11 000  ადამიანი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. შემდეგ იზრდება ეს, 2021 წელს მილიონ 91 000 და 2023 წელს კი მილიონ 200 000. ფაქტობრივად, 200 000-ით არის გაზრდილი რიცხვი და ამის შემდეგ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდები გაქვთ. ხომ დადიხართ ყოველდღიურად მარკეტში, კონკრეტულ სერვისებს ყიდულობთ და ამ სერვისის შეძენის უკან დგას კონკრეტული ადამიანები, მოლარე ოპერატორები, გამყიდველები, კონკრეტული სერვისის მიმწოდებელი, ასეთი საქართველოში კი არის ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც მუშაობს 600-700 ლარზე თვიდან თვემდე. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა და გაეცით მოსახლეობას პასუხი - თქვენ თუ შეძლებთ 600-700 ლარზე ოჯახის რჩენას. ძალიან ბევრს შვილების სპორტზე ტარება უნდა ან ხელოვნების რამე წრეზე და 600-700 ლარად გაძვირებული ცხოვრების პირობებში როგორ მოახერხონ ადამიანებმა მინიმალური პრობლემების მოგვარება. რეალურად, რასაც ახლა ვსაუბრობ, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს, მაგრამ თქვენ ყველა დისკუსიას გაურბიხართ, რაც ეხება ადამიანს, მოქალაქეს, ხალხის კეთილდღეობას, ხელფასებს, დარბაზიდან ვინმემ უპასუხეთ. მაგრამ ვწუხვარ, რომ იმას საუბრობთ, რასაც ფურცელზე გიწერენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.