ყბადაღებული თემაა, რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ, ან რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი, ან საქმე გაეკეთებინოს ვინმეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის მომხრეა გაერთიანების, მაგრამ "ოპოზიციური ალიანსის"  5 განცხადებიდან 3 რომ " ნაციონალურ მოძრაობას"  ეხება, არანორმალურია.

"3 სექტემბერს დანიშნეს და 11-ში მან უზრუნველყო ჩემი აბსოლუტურად უკანონო დაკავება. მინდა, ამ ფაქტს გამოვეხმაურო და ერთი რამე აღვნიშნო, რომ თავმოყვარე ბაგა-ბაღში დირექტორს არ შეცვლიან 1 წელიწადში 4-ჯერ. მეოთხე სუსის უფროსი დანიშნეს, რა მდგომარეობაშია სახელმწიფო. ჯერ იყო ლილუაშვილი ციხეში გაუშვეს, ოხანაშვილი სად გაქრა, კაცმა არ იცის, სახელმწიფო უსაფრთხოება ჩააბარეს და ორ თვეში აორთქლდა აბსოლუტურად, ეგეც დაჭერილი ხომ არ არის და არ ვიცით, მდინარაძე იყო და ახლა გეკა გადმოუყვანეს. არასრულ ერთ წელში სუსის მეოთხე უფროსია.

როცა ვლაპარაკობ მამუკა მდინარაძეზე, მართლაც ღიმილის მომგვრელია, გააქრეს. კალაძეს მინდა თავის ენაზე ვუთხრა, "ზბორებზე“ გაუშვეს მამუკა მდინარაძე, დაამცირეს. სუსის უფროსი გახდა, გიჟივით კაცი დაეწაფა - პოლკოვნიკი, მაიორი, გენერალი და თურმე, არც ისე არ უნდოდათ ეს თანამდებობა.

მან გასცა ბრძანება, მისი ამოცანა იყო. მოსამართლე, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მისივე თანამშრომლის მეუღლე იყო. ვწუხვარ, მაგრამ ეს პარალელები არსად დაკარგულა.

ყბადაღებული თემაა, რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ, ან რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი, ან საქმე გაეკეთებინოს ვინმეს. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი. ოპოზიციის ალიანსის 5 განცხადებიდან 3 "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ეხება, ცოტა არანორმალურია, სიგიჟეა. მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი თქვენი. მოლოდინი უნდა შექმნათ და გაიმარჯვოთ, თუ ვერ გაიმარჯვებთ, არა უშავს. მერაბ კოსტავა ათი წელი იჯდა ციხეში და კი არ შეშინებია. ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, რა ვიცი, არ არის კარგი არაფრისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.